20 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
გახარია, წადი! - აქციის მონაწილეების პასუხი შს მინისტრს

გახარია, წადი! - ასე პასუხობენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს, რომელიც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. აქციის მონაწილეები ცოტა ხანში პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობის გამართვას აპირებენ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გრძელდება სიტყვით გამოსვლები. აქციის მონაწილეებს სიტყვით პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა მიმართა.

„მინდა, მივმართო პოლიტიკური ელიტას, არც იოცნებონ, რომ ტალახი გესრლონ. იმიტომ, რომ თქვენ არ იკრავთ ტალახს, ეს ტალახი მათ მიუბრუნდებათ, არც იოცნებონ, რომ ის ენერგია, რომელიც აქ იბადება, თავის სასარგებლოდ მიმართონ. იმიტომ, რომ თქვენ არ იყიდებით, თქვენ ხართ თავისუფალი ახალგაზრდები,. მინდა, ივანიშვილს მივმართავ, მას ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი, რომ ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელის ელოდება. ამისთვის მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტების თეატრი, გამოვიდეს სააშკარაოზე. უნდა გახდეს 2020-ში არჩევნების ჩატარების სამართლიანი კონკურენტული არჩევნების გარანტი და წავიდეს. თუ ამ გზას ვერ ხედავს, ვერ ხედავს კარებს, მზად ვარ, მივიდე მასთან, ჩავკიდო ხელი, ვაჩვენო ეს გზა, ერთად გავიაროთ და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

აქციის მონაწილეებს გიორგი ტუღუშმა მიმართა, რომლის თქმითაც, დღევანდელი შს მინისტრი ნულია და ის არაფერს წარმოადგენს.

„ნულია გახარია. არ გვინდა გახარია საერთოდ, ვინ არის. ჩვენ საქართველო გვინდა,. საქართველოს გაუმარჯოს,“ - განაცხადა ტუღუშმა.

აქციაზე შეკრებილებს ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ანი მიროტაძემ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის წინ შეკრებილების ნებისყოფას ცდის.

„ძალიან  მეცოდება გახარია, იმიტომ, რომ მან არ იცის და ის უკვე დიდი ხნის წასულია, უბრალოდ მას ამის გაგება, დაჯერება და გააზრება არ უნდა. უფრო მეტად არ უნდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მოუწევს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს კოტე ყუბანეიშვილმაც მიმართა. მან საჯაროდ ლექსი წაიკითხა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები