20 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
პროკურატურა საქმეს ამძიმებს - ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან იმყოფებოდნენ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პროკურატურა 20-21 ივნისის ღამის საქმეს ამძიმებს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ერთად ახლა გამოძიება ამბოხების ბრალდებითაც მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან იმყოფებოდნენ, 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ ხელთ აქვთ ახალი ჩვენებების და მტკიცებულების, რომელითაც ადგენენ, რომ ამბოხებულები პარლამენტის შენობის აღების შემდეგ, დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოს რეგიონებშიც გეგმავენ.

ოპოზიცია პროკურატურის დღევანდელ განცხადებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეშინებული ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სისხლიან დარბევამდე გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ ოპოზიცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს უკან დაიხიონ და პარლამენტის წინ მდებარე კიბე დატოვონ.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ პანიკაში მყოფი ხელისუფლება ახლა ამ რეალობის შეცვლას და მძიმე მუხლებით მათ დაშინებას ცდილობს.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გიორგი გახარიას წყალობით გადაურჩა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

მთავარმა პროკურატურამ დღეს დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში, 20 ივნისის სისხლიანი ღამის მტკიცებულებებს გაასაჯაროვებს.

„კურიერმა“ პროკურატურაში არსებული ჩვენების მცირე ნაწილი მოიპოვა, რომელიც ნიკა მელიას საქმეში დევს.

დგინდება, რომ მელიას წინააღმდეგ ჩვენებას კოკა ყანდიაშვილის საინფორმაციო სააგენტო „ეს პერსონას“ ერთი თანამშრომელი და რამდენიმე პოლიციელი აძლევს.

დღის ამბები