19 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
"საქართველოსთვის დამიჭირეს" - ანტისაოკუპაციო მიტინგის 4 მონაწილე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ანტისაოკუპაციო მიტინგის 4 მონაწილე, რომელიც შსს-მ დააკავა, ცოტა ხნის წინ სამინისტროს შენობიდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი​. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

ერთ-ერთმა დაკავებულმა "კურიერთან" თქვა, რომ ის ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფნის გამო აიყვანეს. 

"საქართველოსთვის დამიჭირეს" - აცხადებს ბუდაღაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი დაკავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

შსს-ს შენობის წინ ბესიკ თავლიანის ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბესიკ თავლიანი 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, თუმცა მას ძალა არ გამოუყენებია. 

შსს კი ამტკიცებს, რომ თავლიანი იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც ძალადობდა პოლიციაზე.

თავლიანი სამართალდამცველებმა თავდაპირველად 20 ივნისის ღამეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა სახეზე.

"იყო ნაცემი, შარვალი შემოხეული ჰქონდა, დაგლეჯილი ჰქონდა ყველაფერი. თვალზე ჰქონდა დაზიანება. დღეს მუშაობდა, შემოვარდა 4 მანქანა, კრიმინალი რომ დაეჭირა, ისეთნაირად, ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს," - ამბობს თავლიანის დედა.

დღის ამბები