19 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
"ობშიაკი" ლავასოღლისთვის - სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს 10 წარმომადგენელი დააკავეს, ერთს კი ციხეში ბრალი წარუდგინეს

სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

შსს-ის ცნობით, ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „ობშიაკს“ და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. სამინისტროს ინფორმაციით, მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა.

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ჭელიძის თქმით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა - ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული კი წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

„დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა,“ - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჭელიძემ განაცხადა, დაკავებულთა შორის 4 პირი ე.წ. ქურდულ სამყაროს აღიარებდა და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. მისი თქმით, ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა  პირს კი ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

 

დღის ამბები