09 დეკემბერი 2022,   16:11
ვრცლად
9 წლამდე პატიმრობა ჯგუფური ძალადობისთვის - ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

9 წლამდე პატიმრობა ჯგუფური ძალადობისთვის - ეს სასჯელი ოკუპაციის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებულებს ემუქრებათ. ბრალი მათ ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბრალდებულების ასაყვანად სპეცრაზმიც კი გამოიყენა. ახალგაზრდა პოეტის, ზურაბ ბუდაღაშვილის ეზოში სამართალდამცველები სრული ეკიპირებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები მოულოდნელად შეიჭრნენ. პროტესტის ნიშნად ბუდაღაშვილმა ადვოკატზე უარი თქვა და ბრალს არ აღიარებს.

ბუდაღაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ აქციის კიდევ 3 მონაწილეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი, ბრალს არ აღიარებენ.

პოეტის დედის, მაგდა ბუდაღაშვილის თქმით, მისი შვილი უსამართლო დევნის მსხვერპლია. ბუდაღაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ აქციის მონაწილეების დაკავებით შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.

დაკავებულებს შორის არის 40 წლის ბესიკ თამლიანიც. 20 ივნისს თამლიანი ჯერ კიდევ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკვეს რუსთაველის გამზირიდან კი გორის იზოლატორში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. ამ ფაქტს ადვოკატის მტკიცებით წინასწარი მოთავსების იზოლატორის ოქმიც ადასტურებს.

თამლიანი, რომელსაც ახლა პოლიციელები მიმართ ძალადობას ედავებიან, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიბარეს და ჩვენება იმ დაზიანებების შესახებ მისცა, რომელიც დაკავების დროს სამართალდამცველებმა მიაყენეს.

დაკავებულებს შორის არის 25 წლის მორაგბე ცოტნე სოსელია. ოჯახმა დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 39 წლის კახაბერ კუპრეიშვილსაც.

დღის ამბები