19 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე

პუტინის თანამოაზრეები 20 ივნისის მოვლენებს ზუსტად იგივე შეფასებას აძლევენ, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ლუქსემბურგში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან და ამბობენ, რომ ის, რაც გავრილოვის პარლამენტში მისვლას მოჰყვა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათივე თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.

აგრესიული რიტორიკით რუსული დელეგაცია არა მხოლოდ ქართველ ჟურნალისტებთან, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გამოირჩეოდა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ პირდაპირ თქვა, რომ არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი.

„რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება,“ - განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

დღის ამბები