27 ნოემბერი 2022,   00:05
ვრცლად
ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომას შვიდივე ბრალდებული ესწრებოდა, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვიც.

დაკავებულების უფლებადამცველები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და საქმეს აბსურდულს უწოდებენ. პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გოგა ლომიძის ადვოკატმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა. რამინ პაპიძის მტკიცებით, უკრაინულმა კომპანიამ თანხა მიითვისა და პროკურატურა მოისყიდა. ბრალდებას პროკურატურის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი  6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის  პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ერთ-ერთი დაკავებულის, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავდნენ. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დღის ამბები