20 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე ჩაცხრილული 20 და 21 წლის ახალგაზრდები - საქმეს დართული აქვს პირადი მიმოწერა

სისიკვდილო ჭრილობები თავში და მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე - 21 წლის შალვა ტყემალაძის მამას სახლში შემზარავი სურათი დახვდა. სწორედ მან იპოვა მოკლული შვილი მეგობართან ერთად.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე 24 საათია, მიმდინარეობს. ბინაში, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით ნახეს, დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილით ისევ განახლდა. სრულად დაასურათეს სადარბაზო და ეზო. პოლიცია ამ დრომდე კითხავს კორპუსში მცხოვრებლებს, თუმცა გასროლის ხმა არავის გაუგია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ბინაში მაყუჩიანი იარაღით ისროლეს.

სადარბაზო და ლიფტი სისხლისგან დღის მეორე ნახევარში გაწმინდეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სისხლის კვალი მეექვსე სართულზე ცხედრების გადასვენებისას დარჩა.

მკვლელობის ბოლო ვერსიის მიხედვით, გუგა კოღუამ შალვა ტყემალაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და შეხვედრა სთხოვა. გამოძიების მასალებს თან დართული აქვს ეს შეტყობინებები. 

ბინაში ცხედრებთან ერთად ნახეს მკვლელობის იარაღიც, რის შემდეგაც გაჩნდა ვერსია, რომ გუგა კოღუას იარაღი გაუვარდა და მეგობრის მკვლელობის შემდეგ კი თავი მოიკლა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმეში მესამე პირის კვალი არ ფიგურირებს, თუმცა პოლიცია სწავლობს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის დანიშნულია ათამდე ექსპერტიზა, რითიც გავრცელებული ვერსია უნდა გამყარდეს ან გამოირიცხოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები