19 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა. 

საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის გარდა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც შსს-ს მტკიცებით, ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

„ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას,“ - განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

დღის ამბები