20-21 ივნისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ 2 პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 1976 წელს დაბადებული გ.ქ. კი სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.