20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს - ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახმა საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართა

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ოჯახი მეცნიერისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას უსამართლოდ  მიიჩნევს. მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ლორთქიფანიძის ადვოკატის, გიორგი გელხაურის აზრით, მოსამართლის განაჩენი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს. გელხაური ამბობს, რომ საქმე შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს.

„მოწმეც არ არსებობს იმის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ მასზე ზეწოლა მოახდინოს. მაშინ სად გვაქვს საფუძველი პატიმრობის შეფარდების? აი, ეს გავასაჩივრეთ ჩვენ. არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან არ არსებობს ამის საფუძველი და არ არსებობს მოტივი იმის, რომ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ ბეჟან ლორთქიფანიძეზე, რომ ის მიიმალება ან გაანადგურებს საქმის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ ქეისზე და აუცილებლად დაადგენს იმ დარღვევებს, რომელიც დღეს ხელისუფლებამ ჩაიდინა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებული მეუღლე, ეკა ჯაიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებს.

„მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უსაფუძვლოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება. არა მარტო ბეჟანია პრობლემა ამ შემთხვევაში, ეს არის შედეგი იმისა, რა პოლიტიკასაც ატარებს დღესდღეობით ჩვენი ხელისუფლება. ახლა რაც ხდება, არის ნამდვილად პოლიტიკური პროცესები და სადამსჯელო ღონისძიება ამ აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა ჯაიანმა.

National Geographic-ის მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძე სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა.

დღის ამბები