ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია. დღეს ერთი დოლარი კომერციულ ბანკებში უკვე სამი ლარი ღირს. 3.0 გაუფასურების ახალი ნიშნულია, თუმცა შესაძლოა, არა საბოლოო. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება უმოქმედობას გააგრძელებს, თავისუფალი ცურვაში მყოფი ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდს მალევე მოხსნის.
მთელი დღის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა კურსი რამდენჯერმე შეცვალეს, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გაუფასურების ახალი ნიშნული 3,0 არ დაფიქსირებულიყო, თუმცა დღის ბოლოს პანიკური კურსის დაფიქსირება პირველი "საქართველოს ბანკმა" გაბედა და რასაც მალევე სხვა ბანკების იდენტური რეაქცია მოჰყვა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას ამჯერად საგარეო შოკს აბრალებს, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ გაუფასურების მასშტაბი იმაზე დიდია, ვიდრე შოკი.
ახალი წლიდან დღემდე ლარი უკვე 30 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე პანიკის შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებს არ ხსნის. სპეციალისტები ამბობენ, რომ 3.0-იანი ნიშნულის შემდეგ შეუქცევადი პროცესები იწყება, რომელიც ქართულ ეკონომიკაში აპოკალიფსის ტოლფასია.
ოპოზიციის აზრით, ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის უმოქმედობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი ხელისუფლების პირობებში ლარი ბოლო 7 წლის განმავლობაში 1 ლარით და 34 თეთრით გაძვირდა.