25 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი შეასრულებს

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი,  მაიკლ ქაუგილი შეასრულებს. ამის შესახებ განცხადებას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”  ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი  ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. 

განცხადებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის კომენტარია მოყვანილი.

”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, - ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი უნარებითა და გამოცდილებით გააძლიერებენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას ანაკლიის პორტის პროექტში”, - აღნიშნა ახვლედიანმა.

დღის ამბები