ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერიის მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში არჩილ ვანაძის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა. ამბობენ, რომ სასამართლოს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანის იმედი აქვთ.
„წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით არჩილი თავს ცნობს უდანაშაულოდ. ვთვლით, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობებს და იმ გარემოებებს, რომ არჩილი აბსოლუტურად უდანაშაულოა, სასამართლოს ვთხოვთ, რომ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო,“ - განაცხადა არჩილ ვანაძის მეუღლემ, ნინო სურგულაძემ.
ბათუმის მერიის 7 მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირს სახელმწიფო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს ედავება. საქმე ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.