19 აპრილი 2024,   20:37
ვრცლად
ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონ 222 ათასი ლარი - რუსთავის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ

ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონ 222 ათასი ლარი და შეუსრულებელი დაპირება - რუსთავის მერი ჯერ კიდევ გასულ წელს ადგილობრივებს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაციას დაჰპირდა.

ხელშეკრულება შპს „ჰერიოსთან“ გაფორმდა და თანხაც სწორედ ამ კომპანიას ჩაერიცხა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ქუჩა მთლიანად გადათხრილია და არც განათებაა დამონტაჟებული, რის გამოც ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ავტოავარიების რიცხვი გაიზარდა.

ხალხის ფულის წყალში გადაყრის შესახებ სტატიას "პრესა.ჯი" აქვეყნებს, სადაც ავტორი რუსთავის მერის სავარაუდო კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს.

„წინა წელს გააფორმა ხელშეკრულება, 4 თვეში უნდა ჩაებარებინა მთელი გზა ბატონ მერს და დღემდე არ არის ჩაბარებული. სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა კორუფციული ინტერესები და ე.წ. ატკატები. გზა არის დაუგებელი, ფული არის შეჭმული, კომპანია კი არ არის დაჯარიმებულიც კი,“ - ამბობს "presa.ge-ის" რედაქტორი გიორგი კაპანაძე.

 ბრალდებებს უარყოფს ირაკლი ტაბაღუა, რომლის ინფორმაციითაც, კომპანია "ჰერიოსთან" ხელშეკრულება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გაუქმდა და იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

„კომპანიის მიერ არაჯეროვნად მოხდა შესრულება სამუშაოსი, სამუშაო რომ არ დასრულდა, კომპანიას შესაბამისი სანქციები და პასუხისმგებლობა დაეკისრა და შავ სიაში შევიდა,“ - ამბობს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

დღის ამბები