გასაუბრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს, მადი ჩანტლაძეს 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ.
ამ წუთებში გასაუბრება დამოუკიდებელ ინსპექტორთან, ქეთევან ცინცაძესთან გრძელდება. საბჭოს არამოსამართლე წევრებს ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ მასთან აქვთ.
„მთავარი, რაც მე ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ არის მხედველობაში მისაღები, ის არის კონკრეტული ვადით არჩეული ინსპექტორი, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან მიმართებაში მას აქვს განსაკუთრებული და ძალიან სერიოზული ფუნქციები, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებთან მიმართებაში, რომლებთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაიმე სერიოზული გამოხმაურება ინსპექტორის მხრიდან არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურია, ყველამ იცის ისიც, რომ სერგო მეთოფიშვილი მაინც განაგრძობს ძალიან არაეთიკურ გამოსვლებს. რაიმე ზომები რომ მიეღო საბჭოს ან ინსპექტორს მის მიმართ, ის ასე აღარ გააგრძელებდა. ცხადია, რომ გარკვეული პრივილეგიებით საბჭოს წევრები სარგებლობენ,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გასაუბრებების პროცესის ფორმალობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკურსის შედეგები საბჭოს უმრავლესობისთვის წინდაწინ არის ცნობილი. დოლიძის თქმით, ორივე კანდიდატს, რომლებიც დღევანდელ გასაუბრებაზე არიან წარმოდგენილი, მოსამართლის კომპეტენციასთან საერთო არაფერი აქვთ.
„ქეთევან ცინცაძის პროფესიული ტრაექტორია პირდაპირ უკავშირდება მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნის პერიოდს უზენაეს სასამართლოში. ჩვენს წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან მაღალი დონის კომპეტენციასთან, რომელიც უნდა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში,“- განაცხადა დოლიძემ.