ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალების თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეწყალების წესები პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული უნდა იყოს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები უკვე შედგა.
„მივმართო საზოგადოებას, იმიტომ რომ მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს ჩემს გადაწყვეტილებებზე. ეს ჩემთვისაც არის ძალიან დიდი წუხილი და ამიტომაც გამოვედი პირველი განცხადებით ცოტა ხნის წინ და დღეს, პირდაპირ თქვენთან, საზოგადოებასთან. მე მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს, არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი, ეს არ არის მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, ამავე დროს ადამიანის, რაც არც გამორიცხავს შეცდომას, არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების. ამიტომაც, მე წინაც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, რომ ეს წესები, რომელიც ეხება შეწყალებას, იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე უკვე კონსულტაციები შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ამ ახალ წესებს და ეს გადაეცემა, ჩვენი ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს და ალბათ მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორ უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს სწორედ ასეთი შეშფოთება საზოგადოების“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.