20 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
პენსიებისა და ხელფასების ზრდა საარჩევნო წელს - ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პლენარული სხდომის დარბაზში დეპუტატების ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცა.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, მმართველ გუნდს მომავალი წლის სოციალური პარამეტრების ჩამოთვლა მოუწია. პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო სივრცის გარდა, მთავარ საფინანსო დოკუმენტზე ურთიერთბრალდებების დროს საერთო ჰქონდათ არგუმენტებიც - ორივე მხარე ხალხის სახელით საუბრობდა.

ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე საუბარს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც პოლიტიკურ ბრალდებებზე პასუხით იწყებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ ის, რაც ოპოზიციისთვის მოქალაქეების მოსყიდვაა, მთავრობისთვის პოზიტიური ვალდებულებაა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე მედიასთან პირველი კომენტარის გაკეთებამდე პრემიერ-მინისტრმა ციფრები ექსპერტებს გააცნო. შეხვედრიდან გამოსულმა ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კითხვებიც დასვეს და მთავრობის მეთაურს რეკომენდაციებიც მისცეს. ექსპერტების ნაწილი ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის მსგავსად წინაასარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს. მათ კითხვები ძირითადად საპენსიო ასაკსა და ხარჯების ეფექტიანობასთან დაკავშირებით აქვთ.

ანალიტიკოსები 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც სკეპტიკურად უყურებენ.

მთავრობას მოქალაქეების მოტყუებაში მეორე დღეა ადანაშაულებს რომან გოცირიძე. მისი შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი უპასუხისმგებლოა და ეკონომიკასა და ფასების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც მმართველი გუნდისთვის კარგად დაბალანსებული და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, არ მოსწონთ არც "ევროპულ საქართველოში".

როგორი იქნება წლის ბიუჯეტი, ამას, საბოლოოდ, დეპუტატები გადაწყვეტენ. საკომიტეტო მოსმენები 4 ოქტომბრიდან დაიწყება.

დღის ამბები