19 აპრილი 2024,   07:30
ვრცლად
კონსულტაციები დასრულებულია - პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს

პროპორციულ არჩევნებსა და ნულოვან ბარიერზე კონსულტაციები დასრულებულია. ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას საპროტესტო აქციების შემდეგ დათანხმდა. კომიტეტებში განხილვის დაწყების წინ პოლიტიკოსები თავიანთ შეფასებებს აკეთებენ.  

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2020-ის შემდეგ მზად არის ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს, ვისთანაც ღირებულებითი თანხმობა აქვს.

"ლეიბორისტული პარტია" პოლიტიკური მარათონისთვის ემზადება. შალვა ნათელაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერითა და ბლოკების გარეშე მხარს უჭერს, თუმცა ერთი პირობით - თუ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება. ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაში მეათე მოწვევის პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ძალებთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას დაასახელებენ.

დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება, მხარს უჭერს "ევროპული საქართველოც". პარტიაში ამბობენ, რომ ბარიერის საკითხი მათთვის პრინციპული არ არის, თუმცა ბლოკების გაუქმება ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია. ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის ახალი სტრატეგია ოპოზიციის დაშლაა, რადგან არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში პარტიებს სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევა გაუძნელდეთ. ყველა ერთის წინააღმდეგ - ამ პრინციპით აპირებს ბრძოლას გაერთიანებული ოპოზიცია მხოლოდ იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც პროდასავლური კურსი აქვთ.   

მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობაშიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ. არჩევნების შემდეგ კი "ქართულ ოცნებასთან’’ პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავენ. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს მხარს უჭერენ, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებენ, ვისთან სურთ სამომავლო თანამშრომლობა ალეკო ელისაშვილს, დავით უსუფაშვილს და „ქართული ოცნებიდან“ წასულ ეკა ბესელიას.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ხმების საკმარისი რაოდენობით შევა პარლამენტში, თუმცა არც „ნაციონალურ მოძრაობასთან’’ და არც "ქართულ ოცნებასთან’’ თანამშრომლობას არ გეგმავს. ასე ფიქრობენ „პატრიოტთა ალიანსშიც.  

პარლამენტის თავმჯდომარე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ისტორიულია და ამაზე ყველა პოლიტიკური მოთამაშე თანხმდება. 

მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო-სახალხო განხილვა 11 რეგიონში უკვე გაიმართა. პროექტზე მსჯელობა ახლა უკვე პარლამენტში უნდა დაიწყოს.

 

დღის ამბები