19 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
მამუკა ხაზარაძეს ქალთა უფლებადამცველები ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებაში არაერთი შეფასება მოჰყვა. კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ ხაზარაძის გამონათქვამი ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით ნამდვილად სექსისტურია და ამ მოწოდებას ის კაცი პოლიტიკოსის მიმართ არ გამოიყენებდა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ხაზარაძე კაც პოლიტიკოსებს არ მოუწოდებს ხაჭაპურის ცხობისკენ და ცხადია ეს არის, სწორედაც რომ ქალი პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით, ნამდვილად არის სექსისტური. ჩემთვის ეს განმარტება დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის,"- განაცხადა ბაია პატარაიამ.

სექსისტურს უწოდებს მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს ფონდის "ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის კოორდინატორი იდა ბახტურიძე.  ბახტურიძე ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, მამუკა ხაზარაძეს ბოდიში მოეხადა.

"კარგია ახსნა-განმარტება რაც მოაყოლა ამ ყველაფერს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ბოდიში და აღიარება, იმიტომ, რომ ეს იყო სექსისტური განცხადება. თუმცა, ობიექტურად უნდა ითქვას ის, რომ ეს არ არის ის, რასაც დღეს აჟიტირებულები აკომენტარებენ ოცნების დეპუტატები თუ სხვა მინისტრები, ეს არ არის მისი მხრიდან არც მორალური ტერაქტის განხორციელება, არც არაფერი. ეს არის ყოველდღიური სექსიზმის მაგალითი, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკოსს, სხვა სტანდარტი აქვს, ამიტომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოეთხოვება," - განაცხადა იდა ბახტურიძემ.

საზოგადოების კრიტიკის ფონზე მამუკა ხაზარაძეს საკუთარი სიტყვების განმარტება მოუხდა, თუმცა მას ცქიტიშვილისთვის ბოდიში არ მოუხდია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები