19 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
"ხაჭაპური" ქართულ პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძის განცხადება სექსისტურად შეფასდა 

მამუკა ხაზარაძის მიერ მინისტრ მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება უმეტესობამ სექსისტურად შეაფასა. "ლელოს" დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილის უწყებას მორიგი ბრალდებები წაუყენა და ქალ მინისტრს საქმიანი კვალიფიკაცია დაუწუნა.

ხაჭაპურისა და კვალიფიკაციის ხსენება ერთ კონტექსტში განხილვის თემა გახდა პოლიტიკურ სპექტრში. პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ბანკირს დღეს გამოცდილმა პოლიტიკოსებმა შეახსენეს, რომ კარიერას ასეთი განცხადებებით არ იწყებენ.

ქალზე სამზარეულოს ასოციაციით საუბარი გაუგებარია თინა ხიდაშელისთვის, რომელიც საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო. გენდერული ნიშნით ადამიანების დაყოფა რომ სირცხვილია, ეს ხაზარაძეს დღეს ანა დოლიძემაც შეახსენა. მოგვიანებით ხაზარაძეს ბრალდების ადრესატმა მაია ცქიტიშვილმაც უპასუხა.

ატეხილ ხმაურს facebook  სტატუსით გამოეხმაურა "ლელოს" ლიდერი. მამუკა ხაზარაძე არ იზიარებს პრეტენზიებს, რომ მისი განცხადება სექსისტური იყო. მისი თქმით, ხაჭაპურის ცხობა ზუსტად იმავე კონტექსტში გასულ კვირასაც ახსენა, როცა თქვა, რომ პროკურატურაში "ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს".

მამუკა ხაზარაძისგან განმარტების ნაცვლად ბოდიშს ელოდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ხაზარაძის განცხადებას facebook სტატუსით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანი წერს, რომ ხაზარაძემ სექსისტური განცხადებით, პირველ რიგში, საკუთარი გარემოცვის ქალებს მიაყენა შეურაცხყოფა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ხაზარაძეს სძულს ქალები, ვინც მისი თქმით, ცხვირი გამოყო სამზარეულოდან.

ხაზარაძის სექსისტური განცხადება ქალი პოლიტიკოსის მისამართით მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვისაც. "ლელოს" დამფუძნებლის გამონათქვამს სახალხო დამცველიც სექსისტური შინაარსის მქონედ მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები