20 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
"დააბრალეს მილიონი ტყუილი და ეს ერთი სიმართლე შევარჩინოთ-თავად მიიღო გადაწყვეტილება" - მდინარაძე ზარდიაშვილზე

ვანო ზარდიაშვილის მიერ "ქართული ოცნების" დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხზე ოპოზიციასა და უმრავლესობაში განსხვავებული მოსაზრებებია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილს მანდატი იძულებით დაატოვებინეს. 

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს,  ზარდიაშვილი "ქართული ოცნების" მიერ დაწესებულ "ჩარჩოებს" გასცდა და მის მიერ მანდატის დატოვება სწორედ ამის გამოძახილია. 

"თვითონ გავიდა იმ ჩარჩოებიდან, რომელსაც "ქართული ოცნება", როგორც წესი, თავის გუნდის წევრებს უდგენს. ამ ჩარჩოებიდან გასვლა ნიშნავდა აგრესიულ, ისეთ არაადეკვატურ ქმედებებს, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გრადუსს აწევდა არათანაზომიერად "ქართული ოცნების" ინტერესისა, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ ამ მოსამართლეების თემაზე გრადუსის აწევა "ქართულ ოცნებას" არ აწყობს,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ უმრავლესობის წევრებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილმა გადაწყვეტილება ღირსების შენარჩუნებისთვის და ოჯახის გავლენით მიიღო. 

"ვანო ზარდიაშვილი ძალიან დიდი ხნის მანძილზე უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე იყო ძალიან ბევრი ბინძური თავდასხმის ობიექტი. ის დიდი ხნის მანძილზე ამას ითმენდა და არ ყვებოდა პროვოკაციებს, არ სცემდა პასუხს, მაგრამ, ამ დროს, როგორც ჩანს, შენი ოჯახის წევრები, როცა ლაპარაკია შვილებზე, როცა ლაპარაკია დედაზე, რომელიც საქართველოსგან შორს იმყოფება, მათთვის, ამ ყველაფრის ატანა ემოციურად ძალიან მძიმეა. მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო როგორც ღირსებაში, ასევე გაფრთხილებოდა თავის ოჯახის წევრებს,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, რასაც პირად საუბრებში რამდენიმე თვის წინაც კი აცხადებდა. 

"ამ კაცს დააბრალეს მილიონი ტყუილი და ეს ერთი სიმართლე მაინც შევარჩინოთ, რომ მართლა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. რეალობა ეს არის - მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის იქით სიმართლე არ არსებობს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ მიუღია თვითონო, დაატოვებინა ივანიშვილმა, თალაკვაძემ, მდინარაძემ, ვოლსკიმ და ასე შემდეგ, მაგრამ სიმართლე ერთია - მართლა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც მან პირად საუბრებში ილაპარაკა რამდენიმე თვის წინაც კი,"- აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატის მანდატი დღეს, 7 ოქტომბერს, დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები