20 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
ივანიშვილის გადაწყვეტილება თუ პირადი მოტივი - ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დათმო, ამ გადაწყვეტილების ინიციატორის ვინაობაზე ოპოზიციისა და უმრავლესობის მხრიდან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზარდიაშვილი გაუშვეს, ხოლო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ის საკუთარი ნებით წავიდა.

ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, პარლამენტიდან არავის გაუშვია და გადაწყვეტილებაც პირადად მიიღო, მიზეზად კი მის წინააღმდეგ დაწყებული პიარკამპანია დაასახელა. ზარდიაშვილმა დღეს არაფერი თქვა იმის შესახებ თუ როგორ შეხვდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის გადაწყვეტილებას.

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაპირისპირების შემდეგ პირველად გამოჩნდა და განმარტა, რომ ეს ინციდენტი მისთვის წითელი ხაზი არ ყოფილა. ვანო ზარდიაშვილი პარლამენტიდან წავიდა, თუმცა პარტიულ საქმიანობას ისევ "ქართულ ოცნებაში" გააგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს თავის პოლიტიკურ წონით კატეგორიაში არ განიხილავს, მასთან დაპირისპირებული დეპუტატის პარლამენტიდან წასვლა მაინც გამარჯვებად ჩათვალა. დამოუკიდებელი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ვანო ზარდიაშვილი პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა.

ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოსამართლეების ათკაციანი სიის გამო გამწვავდა. ზარდიაშვილს ეკა ბესელია და "ქართული ოცნებიდან" მოსამართლეების საკითხის გამო წასული დეპუტატები ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად წოდებული ჯგუფის ლობისტად ასახელებდნენ.
ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება თანაგუნდელებმა "ღირსეული დეპუტატის ღირსეულ გადაწყვეტილებად" შეაფასეს.

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე  თემურ გოცირიძე იქნება. ის ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული, მისი მეუღლე კი საკრებულოს წევრია. პროპორციულ სიაში ზარდიაშვილის შემდეგ დეპუტატი ირაკლი ზარქუა იყო, თუმცა თვითმმართველი ორგანოს წევრმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა.

ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავენ და სწორედ ამის შემდეგ დაიკავებს დეპუტატის სავარძელს "ქართული ოცნებიდან" თემურ გოცირიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები