23 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
"ოცნებიდან" წასულები

ვანო ზარდიაშვილი ერთადერთი არ არის, ვისაც მმართველი პარტიიდან მანდატის დატოვება მოუხდა. 3 თვის წინ დეპუტატის უფლებამოსილება ზაქარია ქუცნაშვილმაც შეიჩერა.

პოლიტიკურად უფრო მტკივნეული უმრავლესობიდან იმ დეპუტატების გასვლა იყო, რომლებსაც არც მანდატზე უთქვამთ უარი და ოპოზიციაშიც გადავიდნენ. ყველაზე დიდი გადინება "ქართული ოცნებიდან" უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესს მოჰყვა.

ე.წ. მეამბოხე დეპუტატებიდან ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოსამართლეების საქმის გამო "ოცნება" დატოვა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის რამდენიმე წლით გადავადებას ითვალისწინებდა. ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, უმრავლესობის რიგები თებერვალში პოლიტიკური დემარშით დატოვეს ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.

რამდენიმე დღეში კოლეგებს ზვიად კვაჭანტირაძეც შეუერთდა. დეპუტატმა მმართველ გუნდს წერილი ბაქოდან გაუგზავნა, სადაც ის პრეზიდენტთან ერთად ქართულ დელეგაციაში ჯერ კიდევ უმრავლესობის კვოტით იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, მმართველი გუნდი კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, დატოვა.

"ოცნებამ" პარტიიდან კიდევ ერთი წევრის წასვლით საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. დამოუკიდებელი დეპუტატების რიცხვს ბექა ნაცვლიშვილიც დაემატა. უმრავლესობამ დაგროვებითი პენსიის შესახებ ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩააგდო, რაც ნაცვლიშვილისთვის მთავარი წყალგამყოფი აღმოჩნდა. კოლეგებმა ის ტაშით გააცილეს.

მარტში "პატრიოტთა ალიანსს" გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეუერთდნენ. მათი განმარტებით, ღირებულებები სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით აღარ ემთხვეოდა ყოფილი თანაგუნდელების ფასეულობებს. კულუარებში საუბრობდნენ, რომ იყო სხვა მიზეზიც. მირიან წიკლაური ერთ-ერთი იყო უმრავლესობის წევრებს შორის, რომელმაც ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა. წიკლაური პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე დაიბარა, რის შემდეგაც ის ფრაქციიდან გავიდა. დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა კობა ნარჩემაშვილიც.

"ოცნების" რიგებიდან გარიცხეს დავით ჭიჭინაძე. გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო. მმართველი გუნდი ოფიციალურ განცხადებაში წერდა, რომ დეპუტატი საჯაროდ შეურაცხყოფდა თანაგუნდელებს და ზიანს აყენებდა პარტიულ ინტერესს.

ის, რომ უმრავლესობა დაატოვებინეს, სოციალურ ქსელ WhatsApp-ით​ გაიგო ბიძინა გეგიძემ. გარიცხვამდე იყო მწვავე განცხადებები, მათ შორის ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტებს გეგიძემ ჯერ კიდევ "ოცნების" წევრის სტატუსით მისცა.

შოთა შალელაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ალაპარაკდა. დეპუტატი საჯაროდ აკრიტიკებდა თანაგუნდელებს. მას პოზიციის ღიად გამოხატვის გამო ჯერ უმრავლესობის წევრები, შემდეგ კი პრემიერი კვირიკაშვილი დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ შალელაშვილი ტელეკამერებმა სუსის შენობაშიც დააფიქსირეს. დეპუტატმა უმრავლესობის საპარლამენტო მანდატი დატოვა.

დეპუტატის მანდატი აღარ აქვს არც ზაქარია ქუცნაშვილს, რომლის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსმა დეპატატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც 20 ივნისის მძიმე მოვლენები მოჰყვა. ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატი ე.წ. "გავრილოვის ღამის" შემდეგ დატოვა.

საპარლამენტო მანდატი "ქართული ოცნების" დეპუტატებიდან ზარდიაშვილის ჩათვლით უკვე სამმა დატოვა, თავად "ქართული ოცნება" - 10-ზე მეტმა. ყოფილ თანაგუნდელებთან პოლიტიკურ განშორებას მტკივნეულ პროცესად არ აღიქვამენ თავად მმართველ პარტიაში. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ცვლილებები მისასალმებელია.

პარტიისთვის ძველი სახეების ჩანაცვლება სიახლე არ არის. "ქართული ოცნება" ბოლო საპარლამენტო არჩევნებში განახლებული შემადგენლობით წარდგა. ძველი სახეების ნაწილი ახალ გუნდში ვეღარ მოხვდა. კულუარებში საუბრობენ, რომ 2020 წლამდე, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ცვლილება იქნება.

დღის ამბები