20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
შეწყალებაზე მორატორიუმის დასრულების საკითხი - ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილის უპირისპირდება

შეწყალებაზე მორატორიუმთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას დეპუტატები ეხმიანებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და წინასაარჩევნოდ მის შეზღუდვას ცდილობს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მორატორიუმი მალე უნდა დასრულდეს.

თეა წულუკიანი, რომელმაც განცხადება ამის შესახებ გუშინ გააკეთა იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს დროულად დააკომპლექტებს და გაითვალისწინებს იმ მსჯავრდებულების ინტერესებს, რომლებიც შეწყალებას ელოდებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველი პარტია ივანიშვილის დავალებით ცდილობს, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გააჩეროს.

"ეს განცხადება იყო პირდაპირ ივანიშვილის დავალება... ეს არის პირდაპირი შეტევა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც ამ ერთი წლის განმავლობაში უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა, როგორც ქვეყანას, ასევე მმართველ პარტიას და წინასაარჩევნოდ უნდათ, რომ როგორმე გააჩერონ," - განაცხადა გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, დისკრეციული უფლების განხორციელებისას მოწესრიგებული წესის და კრიტერიუმების არსებობა საზოგადოების პატივისცემაა, რაც სალომე ზურაბიშვილს არ აქვს და ეს ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია.

"სწორი მოდელია, როცა ნებისმიერ პრეზიდენტს საკუთარი დისკრეციის განხორციელებისთვის აქვს რაღაცა მოწესრიგებული წესი და საზოგადოებამ იცის, ის რა კრიტერიუმებით იღებს გადაწყვეტილებას, ეს მისი აბსოლუტური დისკრეციაა, ოღონდ საზოგადოების პატივისცემაა, როცა ყველამ იცის შენ რა ნიშნით იღებ გადაწყვეტილებას, ამ ადამიანმა უტიფრად გასცა პასუხი - არც კი გეტყვითო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა რაც აქვს ივანიშვილს," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მორატორიუმის მალე დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, მისი თქმით, გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.

"მიმდინარეობს მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს პერიოდში რაღაც ძირითად პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. ეს კანონის ფორმას არ მიიღებს, მაგრამ არსებობს განცხადებული კრიტერიუმები და პასუხისმგებლობა, კონკრეტული თანამდებობის პირისა საზოგადოების მიმართ. რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს მორატორიუმი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები