19 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალური ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალური ანგარიში წარადგინა.  სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს  გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნას, ასევე საბჭოში მიმდინარე კენჭისყრები საკანონმდებლო ცვლილებების გზით ღია გახადოს. ასევე, ანგარიში ვრცელ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

"გვაქვს ანგარიშის ბოლოს გაცემული რეკომენდაცია პარლამენტის მიმართ, კონკრეტულად ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გზით გახადოს საბჭოში მიმდინარე კენჭისყრები ღია. დასახელდა,  რატომ არ გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება თვითონ საბჭოს წევრების მხრიდან უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ფლობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა საერთოდ ჩვენი დაკვირვების საგანი," - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თათია თოდუამ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შეძლო პარლამენტში გაეგზავნა მოსამერთლეობის კანდიდატთა სია, რომელთა განათლების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა.

"ის გამოყოფს მახინჯ მხარეებს, რომელსაც ჩვენ თავად, როგორც პროცესის მონაწილეები ვუსვამდით ხაზს პროცესის მიმდინარეობის დროს. ის არის  საგულისხმო განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მიუნიშნებს, რომ საბჭომ ისიც კი ვერ მოახერხა, მთელი ამ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიან ფონზე, რომ პარლამენტში გაეგზავნა კანდიდატურები, რომლის იურისტის განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა," - აცხადებს ანა დოლიძე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ როდესაც ომბუდსმენი გენერალური პროკურორის დიპლომის საკითხზე აპელირებს, რატომ არ ხედავს ანალოგიურ პრობლემას ნაზი ჯანეზაშვილის შემთხვევაში.

"ისე გააკეთა დასკვნა გიორგი ტყავაძესთან მიმართებაში სახალხო დამცველმა, რომ სასამართლოდან ინფორმაცია არ გამოუთხოვია. სხვა ანალოგიური კატეგორიის საფრთხეებთან დაკავშირებით რა ვადებში იღებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, როდესაც სახალხო დამცველი აპელირებს იმაზე, რომ თადუმაძესთან მიმართებაში არსებობს პრობლემა. დიპლომში მითითებული ინსტიტუტის სახელწოდება გაჩნდა 2003 წელს, მაშინ როდესაც დიპლომი მანამდეა გაცემული და ეს პრობლემად ისახება, ანალოგიურ პრობლემას იგი ვერ ხედავს მაგალითად ნაზი ჯანეზაშვილის შემთხვევაში," - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები