"არა ოკუპაციას" - ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა, მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია კიდევ გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბარათები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.
აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა. ამასთან, ერთგვარი პროტესტი გამოხატა მსახიობების ნაწილმაც. მათ სპექტაკლის დაწყების წინ მაყურებლებს ბროშურები და სტიკერები წარწერით - "რუსეთი ოკუპანტია" დაურიგეს. მათი თქმით, ამ ფორმით, მოქალაქეებს შეახსენეს, რომ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის განმარტებით, დღეს ქუთაისში დამეგობრებულ თეატრს მასპინძლობენ და ეს კულტურული ურთიერთობაა. მისი თქმით, ღონისძიების დაგეგმვაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში მონაწილეობა არ მიუღია.
მოსკოვის "ნიკიტკის კარიბჭის" გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. რუსულენოვანი სპექტაკლები მესხიშვილის თეატრის სცენაზე ორი დღის მანძილზე იქნება წარმოდგენილი.