25 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
მაია ცქიტიშვილს და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იბარებენ. დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი მაია ცქიტიშვილს და ლევან ახვლედიანს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ. 

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს,  აუცილებელია ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ დასმულ კითხვებს საბოლოო პასუხები გაეცეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკითხის ირგვლივ შევიტანოთ უფრო მეტი სიცხადე. სამწუხაროდ, საზოგადოება რა ინფორმაციასაც იღებს, ეს არის მხარეების მხრიდან დანახული მათი პრობლემები. ამიტომ, ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ ეთერში უყურონ და მოისმინონ ორივე მხარის პოზიცია და პასუხი გასცენ დეპუტატებისა და სხვა დაინტერესებული ადამიანების დასმულ კითხვებს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ საჯარო მსჯელობა მოსახლეობას გაურკვევლობიდან გამოიყვანს.

"საჯარო მსჯელობა გაიმართოს იმიტომ, რომ მოსახლეობა მათ კინკლაობაში, მედიიდან გადაძახილსა და ერთმანეთზე გადაბრალებიდან გამომდინარე, რეალურად გაუგებრობაშია და მართლა ვერ გაიგო, თუ რა ხდება, ვის რა ვალდებულება ჰქონდა აღებული, ვინ რა ვალდებულება შეასრულა და ვინ არ შეასრულა. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შევთავაზეთ ორივე მხარეს, მობრძანდნენ და საჯარო შეხვედრაზე გასცენ ყველა კითხვას პასუხი,"- განაცხადა კობერიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატები წერილის ადრესატებისგან პასუხს კვირის ბოლომდე ელოდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები