19 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
მკვლელობა ვარკეთილში - 23 წლის ბიჭსა და ტაქსის მძღოლს შორის დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ მგზავრობის საფასური გახდა

თბილისში ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  წინასწარი ინფორმაციით, მგზავრმა მძღოლს ფული არ გადაუხადა, რაც ჩხუბის მიზეზი გახდა. ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების მომენტი "კურიერის“ კამერამ ადგილზე გადაიღო. 23 წლის გიორგი ნიჟარაძე, პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. 

წინასწარი ვერსიით, გიორგი ნიჟარაძემ დაკავებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, 56 წლის ტაქსის მძღოლს, ვახტანგ კაჭარავას ჭრილობები დანით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე, ვარკეთილის მესამე 1 მიკრორაიონის 343-ე კორპუსის ეზოში მიატოვა და ამავე კორპუსში, მეზობლების მონაყოლის მიხედვით, მეგობრის სახლში დაიმალა.

ღამის საათებში მომხდარ დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. ადგილობრივები დღეს როგორც კონფლიქტის წინაპირობებს, ასევე დაკავების გარემოებებს დეტალურად აღწერდნენ.  

ტაქსის მძღოლი, რომელსაც ცივი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დღეს "კურიერმა" გაარკვია, რომ მსხვერპლი მკვლელობის ადგილიდან ორიოდე კილომეტრში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობდა. მის შესახებ დღეს მხოლოდ მეზობლები საუბრობდნენ.

ნათესავებმა კამერის წინ გამოჩენა არ ისურვეს, თუმცა პირად საუბარში დაადასტურეს ვერსია, რომ კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გადაუხდელობას მოჰყვა. ამასთან, მათი ინფორმაციით, თანხის ოდენობა დიდი  არ უნდა ყოფილიყო, რადგან კაჭარავამ მგზავრი ვარკეთილში სწორედ ვაზისუბნის დასახლებიდან წაიყვანა.

ვარკეთილში მომხდარი დანაშაულის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცხელ კვალზე დაკავებულ გიორგი ნიჟარაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები