19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
1 წელი არჩევნებამდე - ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზები "ოცნების" წევრებისგან

ირაკლი კობახიძის შემდეგ, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე საკუთარ გუნდს 40% უწინასწარმეტყველა, პროგნოზი "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ მისი გუნდი მთავრობას კოალიციის შექმნის გარეშე ვერ დააკომპლექტებს.

მალე ამ პროგნოზს ჯერ ჩუგოშვილის თანაგუნდელები, შემდეგ კი თავად ავტორი გაემიჯნა. ვიცე-სპიკერმა მედიასთან მეორე განცხადებაში უკვე თქვა, რომ "ოცნება" ერთადერთი ძალაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები დღეს პოლიტიკური შეფასებების საბაბი გახდა. თამარ ჩუგოშვილმა გუშინ სატელევიზიო ინტერვიუში არც კოალიციური მთავრობის და არც უმრავლესობის დაკარგვის პერსპექტივა გამორიცხა, დღეს კი მედიასთან თქვა რომ "ქართული ოცნება" ერთადერთია, ვისაც 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობით მოსვლის რეალური შანსები აქვს. ასეთ დაშვებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თავად მმართველ პარტიაშიც.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებით ამბობენ, რომ უმრავლესობით მოსვლას 2020 წელს ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს, ამიტომ, მათი თქმით, პოლიტიკურ წრეებში განხილვის თემა ის უნდა იყოს, ვინ ვისთან ითანამშრომლებს არჩევნებისთვის. 

ორპოლუსიანი პოლიტიკური ცხოვრების დასასრულსა და ახალი პარტიების აუცილებლობაზე მიუთითებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტიების ნაწილი მმართველ პარტიასთან თანამშრომლობას ცალსახად გამორიცხავს.

2020 წლის ოქტომბერში უნდა გადაწყდეს, თუ ვისზე გააკეთებენ მოქალაქეები არჩევანს ნულოვანი ბარიერის პირობებში. პოლიტიკური პარტიები შესაძლო კოალიციებზე უფრო ზუსტად სწორედ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე აპირებენ ჩამოყალიბებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები