24 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა გრანდიოზულია, პროექტი წყალტუბოს ააღორძინებს" - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოში, სანატორიუმი "მედეა" დაათვალიერა და წყალტუბოს პოტენციალს გაეცნო. თურნავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული პროექტი წყალტუბოს ააღორძინებს, რადგან ინიციატივა გრანდიოზულია.

წყალტუბში რამდენიმე სანატორიუმი რეაბილიტირდა, თუმცა, ბიზნესმა და მთავრობამ ქალაქის განვითარება ვერ შეძლო და საჭიროა კომპლექსური მიდგომა - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

"საზოგადოებამ დღეს ივანიშვილის მორიგი გრანდიოზული ინიციატივის შესახებ შეიტყო. ეს არის წყალტუბოს აღორძინება. ეს არის გრანდიოზული გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდნენ. გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია. ეს არის სრული ქველმოქმედება, რადგან რეალობამ გვიჩვენა, რომ ამას ბიზნესი ვერ უმკლავდება. ის თავის თავზე აიღებს ყველა ხარჯს, საუბარია ასეულობით მილიონზე. ამავდროულად, ის გადასცემს ყოველი მოგების გარეშე სანატორიუმებს კერძო ბიზნესს,"-განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ღირებულებას, რა თანხად შეიძენს ივანიშვილი სასტუმროებს, თურნავა ამბობს, რომ დეტალები ზუსტდება. მინისტრის თქმით, სანატორიუმი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შესყიდვის სურვილიც კი არავის გამოუთქვამს.

მინისტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სასტუმროებში 8 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. მოგვიანებით კი 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება. 

დღის ამბები