19 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
ჩაკეტილი საზღვარი - "ვცდილობთ ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტები დროულად გაიხსნას"- ჰარცელი ​ახალგორელი ქალის გარდაცვალებაზე

ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც სამკურნალოდ თბილისში არ გამოუშვეს, ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კარლ ჰარცელის თქმით, ის რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტების დროულად გახსნა მოხდეს:

"უპირველეს ყოვლისა მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ამ ეტაპზე ყველა გარემოება დადგენილი არაა, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ფაქტების მოძიებაზე. ის, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტები დროულად გაიხსნას,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს. ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს გააჩნია, ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.

დღის ამბები