ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის თქმით, გაუგებარია რატომ არ უშვებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ავადმყოფებს თბილისში. ნუგზარ თინიკაშილი ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დროული დახმარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.
დედის გარდაცვალების მიზეზებზე ჯერჯერობით საუბარი უჭირს მაია ჯანგირაშვილს.
შეგახსენებთ, ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს. ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს გააჩნია, ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.