19 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
ახალგორი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა - ოკუპანტების ჩაკეტილ ე.წ საზღვარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორთვიანი სრული იზოლაციის შემდეგ, ახალგორის რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

რუსი ოკუპანტების მიერ ჩაკეტილმა გზამ კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 70 წლის მარგარიტა მარტიაშვილი ინსულტით მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ მის ოჯახს მძიმე ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის უფლება არ მისცეს. ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მაცხოვრებელი ცუდად გუშინ გახდა, ოჯახის არაერთი მიმართვის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს და აიძულეს ცხინვალიდან ერთადერთ რეანომობილს დალოდებოდა. სამსაათიანი დაგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა. ახლა ისიც კი უცნობია შეუშვებენ თუ არა მის შვილებს დედის დაკრძალვაზე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის თქმით, გაუგებარია რატომ არ უშვებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ავადმყოფებს თბილისში. ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დროული დახმარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით მისი გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა.

დედის გარდაცვალების მიზეზებზე ჯერჯერობით საუბარი უჭირს მაია ჯანგირაშვილს.

ის რომ 70 წლის ქალბატონი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო გარდაიცვალა, არ მალავენ ცხინვალში. რადიო "ეხო კავკაზას" ცხინვალელი ჟურნალისტი მარგარიტა მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟში ღიად ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტს გადარჩენის შანსი ჰქონდა.

მარგარიტა მარტიაშვილს საოკუპაციო რეჟიმის მორიგ მსხვერპლად მიიჩნევს ოფიციალური თბილისი. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თუ ოკუპანტები ახალგორის მიმართულებით არსებულ ერთადერთ გადასასვლელს არ გახსნიან იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

"ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა, საუბედუროდ მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის  სასიცოცხლო საჭიროებები. ​​ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ის, რომ ოკუპირებული რეგიონი უკვე დგას ჰუმანიტარული კატასტროფის პირას იმ ფოტოშიც ჩანს, რომელიც "კურიერს" ახალგორიდან მიაწოდეს. ახალგორის ერთადერთ აფთიაქში მაცხოვრებლებს მხოლოდ რამდენიმე სახეობის წამლის ყიდვა შეუძლიათ. იმის გამო, რომ პენსიას ვერ იღებენ, ადგილობრივების ნაწილი პურის ყიდვასაც კი ვერ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი და სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა.

კარლ ჰარცელის თქმით, ის რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტების დროულად გახსნა მოხდეს:

"უპირველეს ყოვლისა მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ამ ეტაპზე ყველა გარემოება დადგენილი არაა, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ფაქტების მოძიებაზე. ის, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტები დროულად გაიხსნას,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს სახალხო დამცველი რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს მოუწოდებს აღკვეთოს ადამიანის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ამ ტერიტორიაზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც კვლავ არის პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევებზე და საერთაშორისო საზოგადოებას, მოუწოდებს ძალისხმევა არ დაიშურონ და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა თუ საშუალება, რომ მოხდეს მოლაპარაკებების წარმოება და აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი პუნქტები.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გახსნის საოკუპაციო რეჟიმი ახალგორთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას რომელიც რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს.

დღის ამბები