19 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
წყალტუბოს მომავალი ივანიშვილის ხელში - "ქართული ოცნების" ლიდერის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შესაძლოა მალე შენობების დატოვება მოუწიოთ. მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივაა, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერმა დღეს დააანონსა და რომლის მიხედვითაც წყალტუბოს აღორძინებას გეგმავს.

წყალტუბოს კურორტის განვითარების გეგმაზე ბიძინა ივანიშვილმა ვრცელ წერილში ისაუბრა. როგორც ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, ის წყალტუბოს ტერიტორიაზე არსებული 22 სანატორიუმის და 9 ბალნეოლოგიური აბანოს სახელმწიფოსგან გამოსყიდვას გეგმავს, მათი სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი ბიზნეს სექტორზე გაასხვისებს. ამ საქმეში მისი ჩართვის მიზეზად ივანიშვილმა ბიზნეს სექტორის ინერტულობა დაასახელა და ისიც, რომ ამჟამად სახელმწიფოს რამდენიმე ასეულ მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების რესურსი არ აქვს.

როგორ ითანამშრომლებს ეკონომიკის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ინვესტორთან, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრი, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის წერილის გავრცელებიდან მალევე, წყალტუბოში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას, ვერ აკონკრეტებს გადაეცემა თუ არა სახელმწიფო ქონება მმართველი პარტიის ლიდერს 1 ლარად. კურორტზე არსებულ ობიექტებს ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამას ინვესტორისთვის დამატებით გამოწვევად ასახელებს.

"ქართლი ოცნების" თავმჯდომარის მთავარი ადრესატები დღეს ბიზნესმენები იყვნენ, რომლებსაც ივანიშვილი თანამშრომლობას სთავაზობს. მათი ნაწილისთვის წინადადება მისაღებია, ნაწილი კი აკრიტიკებს. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივამ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ბიზნესის რეკეტსა და ინვესტორების დევნაზე აალაპარაკა, მამუკა ხაზარაძე კი ქვეყნის მიტაცების მორიგ მცდელობაზე.

"ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება... 

ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახელმწიფო წიაღისეული, რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს,"- ნათქვამია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ივანიშვილი წერილში ამბობს, რომ გლობალური სტრატეგიული გეგმის არქონის პირობებში ბიზნესი შეჩერდა, მე ვეკითხები ბატონ ივანიშვილს, თქვენ მართავთ ამ ქვეყანას 7 წლის განმავლობაში, რატომ არ განავითარეთ სტრატეგიული ბიზნესგეგმა? და რატომ შეჩერდა ქვეყანა 7 წლის შემდეგ?

მეორე საკითხი, რაც მინდა ვუთხრა ივანიშვილს, თქვენ ამ ქვეყანაში ინვესტორი არ დატოვეთ, ხელისუფლება ინვესტორების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. საქართველოს ნდობის ინდექსი ახლა ნულია,"- განაცხადა ფადი ასლიმ.

წერილში ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების დამოკიდებულებაზეც წერდა, რომლებმაც ამ ინიციატივის გამო მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოსახლეობის მოტყუებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. ოპოზიციაში ინიციატივას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად განიხილეს და თქვეს, რომ ივანიშვილი შავიზღვისპირეთისა და აბასთუმნის შემდეგ საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ამჯერად უკვე წყალტუბოში გეგმავს.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების"  წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, 2012 წელს, წინა ხელისუფლების დროს მიღებული პროექტი, რომ არ შეეწყვიტათ, დღეს ქალაქი გაცილებით წინ იქნებოდა განვითარების მხრივ.

"უკეთესი იქნებოდა ამ ხელისუფლებას 2012 წელს არ შეეწყვიტა წყალტუბოს განვითარების ის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებული იყო, დღეს წყალტუბო უკვე იქნებოდა 7 წლით წინ და არა მარტო წყალტუბო, მთელი ქვეყანა. უკეთესი იყო ბიძინა ივანიშვილს არ დაეფრთხო ინვესტორები იმ განცხადებით, რომ წყალტუბოში აკრძალავდა კაზინოებს... კარგია თუ რამეს გააკეთებენ, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო ეს ყველაფერი გვიანდება და ქვეყანა გამოუსწორებლად კარგავს დროს,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წინასაარჩევნოდ გაჟღერებულ მორიგ "ტრიუკს" და "ბლეფს" უწოდებს. გოცირიძე სხვადასხვა მაგალითს იხსენებს, რომლის განხორციელების პირობა დაიდო, თუმცა მისივე თქმით, დღემდე არ განხორციელებულა.

ბიძინა ივანიშვილის წერილის გავრცელების შემდეგ განმარტებები მალევე გაკეთდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაშიც. ქართული ოცნების წევრებმა მათი ლიდერი დაიცვეს და ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულეს. მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ კურორტის რეაბილიტაცია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმს განავითარებს და მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს.

"წყალტუბო ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი რეგიონში, ჩვენს ქვეყანას მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს.... ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს მსგავს ინიციატივებს ხშირად და დღესაც ამას ვხედავთ, აღიზიანებთ ხოლმე მათ ასეთი ინიციატივები,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

კურორტზე, რომელიც სტალინის ეპოქის ისტორიული ძეგლია - არსებული 22 სანატორიუმიდან 15 ამ დროისთვის სახელმწიფო ქონების ბალანსზეა, მათ უმეტესობას კი კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

დღის ამბები