13 აგვისტო 2022,   17:17
ვრცლად
ევროკავშირის მონიტორინგის მისია ახალგორის მკვიდრის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ახალგორის მკვიდრის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს. როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, ამ ფაქტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა.

"ასეთი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს იმ გავლენებს, რაც ახალგორის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილების მკაცრი შეზღუდვა იწვევს. ახალგორის გამშვები პუნქტი, რომელზეც დღეში დაახლოებით 400 გადასვლა ხდებოდა, 5 სექტემბრიდან სრულად დაიკეტა, ეს ადგილობრივებს ართმევს საშუალებას ისარგებლონ ოპერატიული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით და ასევე ნეგატიურ  გავლენას ახდენს არსებობის სხვა საშუალებებზეც. მისია ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ შეზღუდვები რაც შეიძლება მალე მოიხსნას და ინდივიდუალური შემთხვევებში უპირატესობა მიენიჭოს ჰუმანიტარულ მიდგომას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ნათლად გამოაცხადა თავისი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრებზე,"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცხინვალის საავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს. ერთადერთი რეანომობილი კი რომელიც ცხინვალის საავადმყოფოს გააჩნია, ახალგორში დაგვიანებით ჩავიდა.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა, რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ, რეგიონში უკვე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი.

დღის ამბები