18 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
აშშ ყურადღებით დააკვირდება, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ქართველი ექსპერტები კელი დეგნანის განცხადებებზე 

აშშ გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარებისას - საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანის გზავნილებს თბილისში ექსპერტები აფასებენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველა აქცენტი ხელისუფლებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, რადგან დიპლომატი გამოსვლაში ქვეყნის სუსტ წერტილებზეც მიუთითებდა.

არჩევნები, მართლმსაჯულება, საგარეო საფრთხეები - რა რეკომენდაციები გასცა ამერიკელმა დიპლომატმა და რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. როგორც საექსპერტო წრეებში აღნიშნავენ, კელი დეგნანმა კარგად იცის თუ სად ჩამოდის სამუშაოდ, იცნობს საქართველოს საგარეო და საშინაო გამოწვევებს. საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ მის მიერ დასმული ყველა აქცენტი  "ქართული ოცნებისთვის" საყურადღებო უნდა იყოს. ერთ-ერთი აქცენტი 2020-ის არჩევნებს და დიპლომატის იმ განცხადებას ეხება, სადაც ის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებაზე მიუთითებდა.

ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ეს არის პირდაპირი გზავნილი "ქართული ოცნებისთვის", რომ შეერთებული შტატები არჩევნების გაყალბებას და სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით ხელისუფლების მე-3 ვადით დარჩენას არ მიესალმება. პოლიტოლოგის თქმით, აშშ ყურადღებით დააკვირდება, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კი მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტნიორებისთვის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები ისედაც კარგად არის ცნობილი და ამაზე ხაზგასმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ვახუშტი მენაბდის თქმით, სრულიად ბუნებრივია, როდესაც ელჩის ყურადღების ცენტრში  აღნიშნული საკითხები ექცევა. 

რაც შეეხება საგარეო საფრთხეებს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დაინტერესდა არა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, არამედ საქართველოში ჩინურ გავლენებზეც. კორნელი კაკაჩია  მაიკ პომპეოს რამდენიმე თვის წინანდელ   განცხადებას იხსენებს, სადაც ის ჩინურ გავლენებზე საუბრობდა და ახლა, ექსპერტის თქმით, როდესაც ჩინურ გავლენებზე განცხადებას ელჩიც აკეთებს, ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს.

ჯერ არდანიშნული ელჩის განცხადებები არა მხოლოდ საექსპერტო წრეებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვისაც გახდა შეფასებების საგანი. ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც დიპლომატის გზავნილებს განსხვავებულად კითხულობენ.

დღის ამბები