14 აგვისტო 2022,   07:24
ვრცლად
ორწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-ს საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი ეყოლება

კელი დეგნანი ყოფილი ჟურნალისტი და დიპლომატია 25 წლიანი კარიერით. საქართველომ მთავარი რეკომენდაციები სენატის ტრიბუნიდან მოისმინა. სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიის გაძლიერება, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ოკუპაცია და გზა ნატოსკენ. ამერიკელი დიპლომატის განცხადებები განსხვავებულად აღიქვეს თბილისში - ოპოზიცია და უმრავლესობა გზავნილებს სხვადასხვაგვარად კითხულობენ.

ვიდრე კელი დეგნანი თბილისში ჩამოვა და ამერიკულ დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს, მას სენატორებმა უნდა მოუსმინონ. საკომიტეტო მოსმენა უკვე შედგა, სადაც ამერიკელი დიპლომატი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც მასპინძელ ქვეყანაში დახვდება.

ოპოზიციისთვის საყურადღებო იყო დიპლომატის ის გზავნილები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ეხებოდა. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თვლიან, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს მათი პასუხისმგებლობა და ის ფაქტი, რომ ხარვეზებს საზღვრებს გარედანაც კარგად ხედავენ.

არასწორი ინტერპრეტაცია - ასე შეფასდა უმრავლესობაში ოპონენტების მოსაზრებები ელჩის გამოსვლასთან დაკავშირებით. სახელისუფლებო გუნდში ამერიკელი დიპლომატის გზავნილები კრიტიკად არ აღქმულა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, სენატში ამ გამოწვევებზე არ ესაუბრათ, რადგან პრობლემებზე სწორედ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად მიდის მუშაობა.

მთავრობის სხვა წევრებმა ყურადღება დღეს ელჩის იმ გზავნილებზე გაამახვილეს, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე.

საექსპერტო წრეებში ხაზს უსვამენ, რომ დიპლომატები შემთხვევით არ ინიშნებიან და არც მათი გზავნილებია შემთხვევითი. როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, მმართველმა პარტიამ ყურადღება უნდა მიაქციოს მართლმსაჯულების, არჩევნებისა და ზოგადად, დემოკრატიის შესახებ დიპლომატის მიერ გაკეთებულ გზავნილებს.

კელი დეგნანი პროფესიით ჟურნალისტია, არის სამართლის დოქტორი, თუმცა ბოლო 25 წელია აშშ-ის დიპლომატიურ მისიას ემსახურება. მისი კარიერა არაერთ მისიას ითვლის, მათ შორის ნატოსა და თურქეთში, რის გამოც მას შავი ზღვის სპეციალისტად მოიხსენიებენ. დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო პოლიტიკის საკითხებში. ის პირველი ქალი ელჩი იქნება, რომელიც თბილისში ოფიციალურ ვაშინგტონს წარმოადგენს.

დღის ამბები