25 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
"შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა - წულუკიანი-თალაკვაძე-ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში "შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს "შეწყალების წესის შესახებ"  ბრძანებულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინა.

"არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ  დროულად გამოიცეს  პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

"პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. ჩვენი ამოსავალი პრინციპია პატიმრის შეწყალება, მაგრამ ასევე საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა. დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებს და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ,“ - აღნიშნა თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღის ამბები