25 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
წლის პირველი სხდომა  - რა გადაწყვეტილებებს მიიღებს წმინდა სინოდი

საქართველოს ეკლესიის სინოდი, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან აღარ შეკრებილა, 31 ოქტომბერს წლის პირველ სხდომას გამართავს. ეკლესიის უმაღლეს სათათბირო ორგანოში მსჯელობის მთავარი თემები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, მეუფე იაკობის ბრალდებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იქნება.

ერთ-ერთი  გავლენიანი მღვდელმთავარი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სინოდის სხდომას არ დაესწრება. სხდომა თბილისში სწორედ მაშინ დაიგეგმა, როდესაც მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თავის ეპარქიაში მსოფლიო საპატრიარქოდან გავლენიან მღვდელმთავრებს მასპინძლობს. მეუფე გრიგოლი ერთ-ერთია იმ 10 ეპისკოპოს შორის, რომლებიც სინოდის სხდომის ჩანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობდნენ და ღიად ამბობდნენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას საქართველოს საპატრიარქო საეჭვოდ აჭიანურებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მოულოდნელად დანიშნული სინოდის სხდომის გამო წუხს და ამბობს,  რომ გრიგოლი ერთადერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც ხვალ სხდომას ვერ დაესწრება. მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ წმინდა სინოდი მეუფე იაკობის ხმაურიან განცხადებას ზედაპირულად არ განიხილავს და საქმეს საეკლესიო სამართლის დაცვით შეისწავლის. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ხვალ დეკანოზი გიორგი მამალაძის საკითხზეც ისაუბრებს.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ხვალ კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ ერთ საკითხს დააყენებს - ილია II რუსთავის მიტროპოლიტ იოანესა და უბისის მღვდელმთავარ მელქისედეკს ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მმართველობის კანდიდატებად დაასახელებს. მეუფე იოანე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მღვდელმთავარი მელქისედეკი კი არ აკონკრეტებს, დგას თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი. 

დეკანოზ მამა გიორგის ადვოკატი სასულიერო პირებს მოუწოდებს, სინოდის სხდომაზე ე.წ. "ციანიდის საქმის" დეტალები განიხილონ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების შუამდგომლობით მიმართონ. მიშა რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მსჯავრდებული დეკანოზი შეთქმულების მსხვერპლია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებს დღეს პირველად უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრი მეუფე იაკობთან ნაცნობობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრა, ჩინოვნიკებსა და სასულიერო პირებს შორის არასდროს შემდგარა.

მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. თადუმაძის თქმით, ეპისკოპოსის განცხადებები დროში აცდენილია, რადგან დასახელებულ პერიოდში მაღალჩინოსნები შესაბამის თანამდებობებს არ იკავებდნენ. საპატრიარქოს იურისტი მიიჩნევს, რომ საქმე არა პროკურატურამ, არამედ ეკლესიამ უნდა შეისწავლოს.

დღეს საპატრიარქოში არც ერთი შეხვედრა არ გამართულა. გავრცელდა ინფორმაცია ილია II-ის  ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. მის მოსანახულებლად მისული იყო მისი პირადი ექიმი ცისანა შარტავა, რომელმაც პრესასთან საუბარი არ ისურვა.

სინოდის სხდომა ხვალ, 31 ოქტომბერს, 12 საათზე, ილია II-ის გადაწყვეტილებით დაინიშნა. 2019 წლის განმავლობაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ხვალ პირველად შეიკრიბებიან.

დღის ამბები