20 აპრილი 2024,   15:53
ვრცლად
განცხადებები აბსურდული და ანტიეკლესიურია - მეუფე ზოსიმე წაყენებულ ბრალდებას პასუხობს

"ეს განცხადებები არის აბსურდი, ანტიეკლესიური და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული. მე თვითონ ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე. ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ“ -სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მეუფე ზოსიმე მამა გიორგის ბრალდბებს პასუხობს.

მიტროპოლიტის მტკიცებით, მღვდელმთავარი, რომელიც ახლა მას ბრალდებებს უყენებს, მის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

"1988 წლის გვიანი შემოდგომა იყო, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დიდი პოლიტიკური აშლილობა იყო. მთავრობის სასახლის წინ სულ მიტინგები ტარდებოდა. სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ახლა რაღაცეებს კადრულეობენ, განსაკუთრებით იღებდნენ ამ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ რა თქმა უნდა,  თვალს ვადევნებდით ამ ყველაფერს. როდესაც მოვთხოვეთ ძალიან მკაცრად სტუდენტებს მიეხედათ მეცადინეობისათვის, ამან ისეთი აზრი შექმნა ზოგიერთებში, თითქოს ჩვენ გულგრილობას ვიჩენდით ეროვნული მოძრაობის მიმართ. სასწავლებელში სულიერი ატმოსფერო მოიშალა. შემდეგ ეს დაძაბულობა მტრობაში გადაიზადა და რაც მოჰყვა, თქვენთვის ცნობილია. ჩემს მიმართ წაყენებული ბრალის მთავარი მიზეზი ესაა. ეს ახალგაზრდები თავიდანვე სხვა სულით გამოირჩეოდნენ, იგრძნობოდა ეს. მათ პროტესტი ჰქონდათ ეკლესიის მიმართ, - აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

მეუფე ზოსიმემ სემინარიის ჩამოყალიბებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი იყო სასულიერო სემინარია თბილისში გადმოეტანათ.

"1988 წელს საქართველოში შეიქმნა ხელსაყრელი პირობები იმისათვის, რომ სასულიერო აკადემია გახსნილიყო. ეს ჩვენი ოცნება იყო. ძველი პატრიარქებიც ოცნებობდნენ, მაგრამ ჩვენი უწმინდესის მოღვაწეობის დროს მთავრობა დავიყოლიეთ და საქართველოში გაიხსნა სასულიერო აკადემია. იმის გამო, რომ მცხეთის სასულიერო სემინარიას არ ჰქონდა შესაფერისი პირობები აკადემიაც იქ დაფუძნებულიყო, საჭირო გახდა აკადემიის თბილისში გახსნა და ამიტომაც სემინარიასაც მოუწია თბილისში გადატანა. მე უკვე მაშინ შიში გამიჩნდა იმისა, რომ მონასტრულ გარემოს, სიმშვიდეს, მცხეთის წმინდა მიწას რომ მოწყდებოდა სასულიერო სკოლა, რანაირად შეძლებდა დიდ ქალაქში მოღვაწეობას, როდესაც პანსიონატის გაუქმებაც მოხდა. სტუდენტები ლექციების შემდეგ მიდიოდნენ სახლში. ჩვენ ვეღარ ვაქცევდით ყურადღებას. ეს დაეტყო სასულიერო სასწავლებელს. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ეს ტრადიცია სასულიერო სკოლისა შემენარჩუნებინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო. სასულიერო მასწავლებლებიც მოვიწივიეთ იქ ძალიან ბევრი. ამ ყველაფერმა ქვეყნიური სული თანდათან ეკლესიაში შემოიტანა. ეს ჩემი დიდი დარდი და ტკივილი იყო.  მე შევეცადე ძველი სემინარიისათვის დამახასიათებელი ტრადიციები შეგვენახა, მაგრამ არ გამოვიდა და უკვე მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მოვრიდებოდი. დღესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სიმშვიდე და მორიდებულობა," - აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

 შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

დღის ამბები