განგაშის სიგნალით დაიწყო ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ბათუმში თავმოყრილ მაღალი რანგის სტუმრებს რამდენიმე წუთით შენობის დატოვება მოუხდათ, რისი მიზეზიც სამზარეულოს დაკვამლიანება გახდა.
უსაფრთხოებაზე მსჯელობა მალევე უსაფრთხო გარემოში განახლდა. კონფერენციის ყველა მონაწილე თანხმდებოდა, რომ მთავარი საფრთხე რუსეთშია. პარტნიორი ქვეყნებიდან ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს შეახსენეს, თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება ოკუპირებულ საქართველოს, რომლის ტერიტორიების მიტაცებასაც კრემლი პრაქტიკულად ყოველდღიურად ახორციელებს, რეჟიმის ტყვეებს კი საოკუპაციო ხაზს მიღმა მედიკამენტების გარეშე თვეობით კეტავს.
მოსკოვის უკანონო ქმედებებზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის ავტორი ადამ კინზინგერიც საუბრობდა.
ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე კონფერენციის თითქმის ყველა თემის თანმდევი იყო, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხიც. სწორედ ამიტომ, სტუმრებიც და მასპინძლებიც ხაზს უსვამდნენ, რომ შავ ზღვაში მეტი ნატოა საჭირო. საქართველო კი უკვე არის ამ პროცესის ნაწილი, ალიანსი ქართული სანაპირო დაცვის სპეციალურ ჯგუფს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სტატუსის მოსაპოვებლად უკვე ამზადებს.
საექსპერტო წრეებში არ უარყოფენ, რომ სამუშაო კიდევ უფრო მეტია, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა თავიდან ბოლომდე შეცვალა და მეზობელ ქვეყნებს რთული ამოცანები დაუსახა.
კონფერენციის უკვე დახურული ნაწილის თემა რუსული ჰიბრიდული ომი იყო. პარტნიორები მსჯელობდნენ, თუ რა მეთოდებით ცდილობს კრემლი ოკუპირებულ სახელმწიფოებში ოკუპაციის ფაქტორის გამოყენებით შიდა დესტაბილიზაციის მოწყობას.