26 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
სასულიერო პირები ურთიერთბრალდებებზე უკვე ამბიონიდან საუბრობენ

დაპირისპირება და მამხილებელ ფაქტებზე საჯარო განცხადებები ეკლესიაში ახალ ფორმას იძენს. სინოდის სხდომიდან 10 დღის შემდეგ ეპისკოპოსები ამბიონიდან, წმინდა მამების შეკრების დეტალებს მრევლს უყვებიან. სინოდიდან გარიცხულმა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მწვავე კრიტიკა ამჯერად საკუთარ მრევლთან ერთად მიიღო.

მეუფეებისთვის მიუღებელია იმ სასულიერო პირების გადაწყვეტილება, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს დაეთანხმნენ, ეპარქია დატოვეს და ყოფილ მმართველს გაყვნენ. 

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის დღევანდელი ქადაგება, სავარაუდოდ, იმის მანიშნებელია, რომ საეკლესიო ცხოვრებაში დასმენების დასრულებამადე ის პრობლემებზე საუბარს აღარ აპირებს. თუმცა, მანამდე ის მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირი იყო, რომელმაც სინოდის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა.

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი ერთ-ერთია იმ მღვდელმთავრებს შორის, რომელიც სინოდის დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობდა, მაგრამ ყველაზე ხმაურიან სხდომას ვერ დაესწრო. როგორც ეპისკოპოსი მიიჩნევს, საეკლესიო ცხოვრებაში მძიმე და რთული პერიოდია. როგორც მან საკვირაო ქადაგებაში აღნიშნა, ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია ყველა, მათ შორის საპატრიარქო და ხელისუფლებაც.

"ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ" -  ასე შეაფასა თავის ქადაგებაში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები მეუფე იოანემ. ქუთაის-გაენათის ახალი ეპისკოპოსის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროცესი ეკლესიის წინააღმდეგ. მიტროპოლიტმა, მამა გიორგი სხილაძის მიერ, მეუფე ზოსიმეს მისამართით გაჟღერებული ბრალდებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 31 წლის წინ სემინარიის ეს სკანდალი მაშინდელ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა, რის გამოც მაშინდელმა სემინარიელებმა ბოდიში მოიხადეს, მეუფე ზოსიმეს კი, ბრალდება არ დაუმტკიცდა.

მეუფე გრიგოლ კაცია კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ყველა მხილების ფაქტი ზნეობის კომისიამ შეისწავლოს.

შეურაცხყოფისა და ცილისწამების შეჩერებისკენ მოუწოდა დღეს საზოგადოებას კათოლიკოს- პატრიარქმა. სინოდის სხდომის შემდეგ პირველ ქადაგებაზე ილია მეორემ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა საკუთარ ქადაგებაში. თუმცა, ამ სიტყვებით ილია მეორემ, სავარაუდოდ, ის სასულიერო პირები იგულისხმა, რომლებიც ბოლო 10 დღეა, ეკლესიისა და სასულიერო პირების დანაშაულის მხილებას ცდილობენ.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის შემდეგ სასულიერო პირები ღიად ალაპარაკდნენ.

არქიმანდრიტები, მიტროპოლიტები და სხვა სასულიერო პირები უკვე ღიად ამბობენ, რომ ეკლესიაში ნარკოდანაშუალის, პედოფილიის, მამათმავლობის და კორუფციის ბრალდებით არაერთი სასულიერო პირი განიკვეთა ან მონასტერში გამწესდა.

მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ ყველაზე სკანდალური მამა გიორგი სხილაძის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა, როდესაც მცხეთის სასულიერო სემინარიის ყოფილი ლექტორი პედოფილიასა და ძალადობაში ამხილა.

დღის ამბები