16 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
შესაძლოა, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლოს და მის ადგილას მიხეილ დაუშვილი დაინიშნოს

საკადრო ცვლილებები მთავრობაში გრძელდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენობიდან ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს და მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილე იქნება. ამ ინფორმაციას უწყება ოფიციალურად არ ადასტურებს.

რაც შეეხება თავად ბიზენსომბუდსმენის თანამდებობას, "კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძის შემცვლელად, მიხეილ დაუშვილი განიხილება. დაუშვილი გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვინის შემდეგ, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ასევე, ჯერჯერობით უცნობია, სად წავა ლევან კალანდაძე, რომელმაც ბიზნესომბუდსმენის მოადგილის პოსტი ლექვინაძესთან ერთად 8 ნოემბერს დატოვა.

ირაკლი ლექვინაძისა და მისი მოადგილის მიერ, თანამდებობების დატოვებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გადაწყვეტილებას მთავრობის მეთაურის ინტერესებს უკავშირებს. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პრემიერ მინისტრი ცდილობს, თავის ინტერესებს მოარგოს სახელმწიფო ინსტიტუტები და აცხადებს, რომ პირი, რომელიც ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას დაიკავებს, პრემიერ- მინისტრის კადრი იქნება. 

"როდესაც გახარია უშუალოდ თავისადმი ლოიალურად განწყობილ ადამიანს სვამს ამ თანამდებობაზე, ისევე როგორც გახარია ახლა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ინსტიტუტები მოირგოს თავის ყაიდაზე, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ იქნება რეალური ადამიანი, ვინც რეალურ პრობლემას დასვამს საჯაროდ და დასვამს მთავრობის წინაშე. არამედ, ესეც იქნება კიდევ ერთი ჩაკეტილი ოთახი და კაბინეტი ბიზნესისთვის“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. კობერიძე აპარატს ზედმეტ რგოლს უწოდებს. 

"მე ვთვლი, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, არათუ გასაძლიერებელია, არამედ არის გასაუქმებელი საერთოდ.  ვთვლი, რომ არის ზედმეტი რგოლი, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ მას ყველანაირი პირდაპირი კომუნიკაცია ექნება და ყველა სტრუქტურას დავალება აქვს მიცემული, რომ ჰქონდეს პირდაპირი ურთიერთობა ბიზნესთან. ესეთ შემთხვევებში, გამოდის, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი არსებობს იმისათვის, რომ რაღაც თემების, ასე ვთქვათ, დალაგება მოხდეს“ - აცხადებს ლევან კობერიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ თავად ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ უნდა განმარტონ, რატომ მიიღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.

 

 

 

დღის ამბები