20 აპრილი 2024,   04:27
ვრცლად
ვის ინტერესებს ატარებს პეტრე ცაავა - მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთბრალდებები 

პეტრე ცაავას ყველა პოლიტიკური ძალა ემიჯნება - მასთან კავშირში კი მმართველი გუნდი და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დასკვნები საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს - ვის ინტერესშია საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები და ვინ ახალისებს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს. 

"ქართული ოცნების" წევრებმა სასულიერო პირის განცხადებებში პოლიტიკური ინტერესი და მოტივები ამოიკითხეს და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირედ დაასახელეს.

მმართველი გუნდი სასულიერო პირის მორიგ ბრალდებებს პატრიარქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას უკავშირებს.

ოპონენტებს "ნაციონალურ მოძრაობაში" მალევე გამოეხმაურნენ და ბრალდებებს ბრალდებითვე უპასუხეს. მოძრაობაში მეუფე პეტრეს რუსულ კავშირებზე მიანიშნებენ და მიაჩნიათ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტისა და "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური გემოვნება თანხვედრაშია.

რა საიდუმლოს ინახავს საპატრიარქოს კედლები და რას ემსახურება მეუფე პეტრეს განცხადებები? - ეს საკითხი განხილვის თემა იყო დამოუკიდებელ დეპუტატებს შორისაც. მათი თქმით, სასულიერო პირის მორიგი ბრალდებები ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებს.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასულიერო პირის განცხადებების გამოძიებაზე უარი თქვა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის შესწავლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში მოითხოვა. შესაბამისი დადგენილება ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა. მმართველ პარტიაში კომისიის მხარდაჭერას არ აპირებენ.

ოპოზიციის განცხადებით, აუცილებელია გაირკვეს იგეგმებოდა თუ არა საეკლესიო გადატრიალება პატრიარქის შესაცვლელად ბიძინა ივანიშვილის ხელით.

მეუფე იაკობის მონათხრობში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს სახალხო დამცველიც ხედავს. ნინო ლომჯარია გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

ხმაურიანი ბრალდებებისა და სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე იაკობი ტელეკამერების წინ აღარ გამოჩენილა. ერთკვირიანი დუმილი კი მასთან დაპირისპირებულმა პეტრე ცაავამ გუშინ დაარღვია.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ისევ იმ მძიმე ცოდვებზე ალაპარაკდა, რაზეც საჯარო განცხადებები პირველად სინოდის სხდომიდან გამოსულმა გააკეთა.

დღის ამბები