19 აპრილი 2024,   12:01
ვრცლად
საპატრიარქოს იურისტი მეუფე პეტრეს მოსკოვურ კავშირებზე საუბრობს

პატრიარქის მისამართით ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მორიგი ბრალდებები გააჟღერა. ყველა ამ ბრალდებაზე პეტრე ცაავა მხოლოდ მას შემდეგ საუბრობს, რაც საეკლესიო რეგალია ჩამოართვეს. ამჯერად ის პატრიარქს პორნოგრაფიის ყურებაში ადანაშაულებს.

საპატრიარქოში უკვე იმასაც ამბობენ, რომ პეტრე ცაავას სამედიცინო დახმარება სჭირდება. უფრო მეტიც, საპატრიარქოში იმ კავშირებზეც ალაპარაკდნენ, რომლებიც ყოფილ მიტროპოლიტს მოსკოვთან აქვს.

ეპარქიიდან განკვეთილი მიტროპოლიტი ისევ სოდომურ ვნებებზე საუბრობს და ამჯერად პატრიარქს მძიმე ბრალს, მსგავსი შინაარსის ფილმებით დაინტერესაბაში სდებს. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო დაკავებული დეკანოზიც.

​საპატრიარქოში მეუფე პეტრეს დღის მეორე ნახევარში უპასუხეს. პრესცენტრის ხელმძღვანელმა მხოლოდ ის თქვა, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ექიმი სჭირდება.

განცხადება "კურიერთან" დღეს სინოდის მხოლოდ ერთმა წევრმა გააკეთა. გურჯაანისა და ველისციხის მიტროპოლიტი პეტრე ცაავას განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.

დევს თუ არა ციანიდის საქმეში დეკანოზის ტელეფონიდან ამოღებული პორნოგრაფიული შინაარსის მასალები - როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მტკიცებულებათა ნუსხაში ასეთი შინაარსის ფაილები არსებობდეს. 

კიდევ ერთი მთავარი თემა დღეს ის შეხვედრა იყო, რომლის დეტალებიც "კურიერთან" საპატრიარქოს იურისტმა გაასაჯაროვა. ედიშერ ქარჩავამ დღეს 2016 წელს, საპატრიარქოს ტელევიზიაში გამართული დახურული შეხვედრა გაიხსენა. როგორც ადვოკატი ირწმუნება,  მეუფე პეტრე მის გადაბირებას ცდილობდა და ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილ რუსულ სცენარზე უყვებოდა.

ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, მეუფე პეტრე აქტიურად მართავდა შეხვედრებს ნინო ბურჯანაძესთანაც, რომელიც მისი სცენარის მიხედვით მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გამხდარიყო და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა.

საპატრიარქოს იურისტის ბრალდებები, რომელიც სინოდიდან გარიცხულ მიტროპოლიტს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს, მეუფე პეტრეს გარემოცვის შეფასებით, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

თეოლოგებისთვის პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებებიც და რუსულ გავლენებზე საუბარიც ერთი სცენარის ნაწილია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეკლესიაში დაწყებულ დაპირისპირებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. კიდევ ერთი საბაბი მათი აზრით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა და გავლენების გადანაწილების მცდელობაა.

ქართული ეკლესია უკვე თითქმის 2 კვირაა საჯაროდ გაცხადებული მძიმე ბრალდებების და ახსნა-განმარტების რეჟიმშია. სასულიერო პირების ნაწილმა დღეს ახალი სკანდალები დააანონსა. როგორც სასულიერო პირები ამბობენ, ეკლესიის გარშემო დაწყებული მხილების ტალღა ამით არ სრულდება, არსებობს კიდევ სხვა საქმეებიც, რომელთა გასაჯაროებასაც სასულიერო პირები უახლოეს მომავალში აპირებენ.

დღის ამბები