18 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
ოპოზიცია ე.წ გერმანულ მოდელზე ალაპარაკდა - რაზე მსჯელობენ "ლეობორისტების" ოფისში

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე დროებით შესვენება გამოცხადდა, პოლიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში რთული სიტუაციაა, თუმცა სამოქმედო გეგმაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ე.წ გერმანულ მოდელზე საუბრობს, რომელიც ხმათა განაწილების წესის ცვლილებას გულისხმობს. ამ სისტემის დანერგვის შემთხვევაში, მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნდება, თუმცა შეიცვლება მათი არჩევის წესი.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ემხრობა და კატეგორიულად მოითხოვს მთავრობის გადადგომას:

"ასეთი ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე არასდროს ყოფილა, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანა არის კატასტროფულ ვითარებაში, აქედან მივდივართ რუსთაველზე. რაც შეეხება მოთხოვნებს და საბოლოოდ შეჯერდება ეს, ჩემი პოზიციაა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება და ოპოზიცია ივანიშვილის მინდორზე არ ითამაშებს.

„ვადამდელი არჩევნები? იყოს, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ,“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ოპოზიცია კონსოლიდირებულია და ერთიანი მოქმედებისთვის არის მზად:

"ოპოზიცია არის კონსოლიდირებული იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთა მონაპოვარიც პროპორციული არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს თავზე გადაახია. პოლიტიკური სპექტრი ერთიანად ვართ მზად ვიმოქმედოთ, თუნდაც რუსთაველზე საჭირო გახდეს ბარიკადები, რომ ვაიძულოთ ივანიშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან,"- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, ძირითად საკითხზე, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას გულისხმობს, ყველას პოზიცია ემთხვევა, საუბარი კი ამ მიზნამდე მისაღწევ გზებზე მიმდინარეობს.

არსებული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სარისკოდ მიაჩნია "ერთიანი საქართველოს"  ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს.

"დასაფიქრებელია, ამ სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შედის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ეს სამსჯელოა, მადლობა ღმერთს, ერთობა შენარჩუნებულია," - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელზე საუბრობს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებს:

"არნახული კონსოლიდაციაა ყველა ოპოზიციური ძალის, ყველამ ერთად შევძელით საერთო პოზიციაზე შეჯერება, კრიზისიდან გამოსავალი ერთია, არჩევნები," - განაცხადა უგულავამ, მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები.

უგულავას განცხადებით, არჩევნები, შესაძლოა, ჩატარდეს გერმანული მოდელის მიხედვით, რომელიც თავის დროზე დავით უსუფაშვილმა და რესპუბლიკურმა პარტიამ დაამუშავა, რასაც კონსტიტუციის ცვლილება არ სჭირდება.

რიგგარეშე არჩევნებს მხარს უჭერს "ლელოც".

"მხარს დავუჭერთ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ივანიშვილს მოუწევს ქართველი ხალხის ნებას დაჰყვეს:

"ყველაფერი იქნება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ და ქართველი ერის სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია და მოუწევს დაყვეს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტსაც და თავის ქვეყანასაც, ივანიშვილს მოუწევს თვალის გასწორება მძიმე რეალობისთვის, რომელიც თავად აიკიდა," -განაცხადა ნიკა მელიამ.

"ლეიბორისტების" ლიდერი ხაზს იმ ერთიანობას უსვამს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშია:

"აქციასთან ჩვენ კი არა, მთელი საქართველოა შეერთებული და მთელი პოლიტიკური სპექტრი, გარდა სოლოლაკის პარტიისა, მხარს უჭერს ივანიშვილის რაც შეიძლება დამთავრებას,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა პარტია "გირჩიც", პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ე.წ გერმანული მოდელის ამოქმედებას ემხრობა:

"ყველას ესმის, რომ ამ ყველაფერზე პასუხი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, საქართველოს პარლამენტში არსებობს გერმანული მოდელის კანონპროექტი, რომლის მიღებაც უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი. რუსთაველზე საჭიროა ბევრი ადამიანი, რომელსაც ესმის რა წყდება დღეს და ამ ბევრმა ადამიანმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ მოვითხოვოთ ვადამდელი პროპორციული არჩევნები და ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები