19 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა უნდა იყოს უკიდურეს მდგომარეობაში მიღებული ზომა- ომბუდსმენის მოადგილე

პარლამენტთან იმყოფება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. მისი თქმით, აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლა უნდა იყოს უკიდურეს მდგომარეობაში მიღებული ზომა და სანამ ამ ზომების მიღების გადაწყვეტილებას მიიღებს ვინმე, აუცილებელია დიალოგის და მოლაპარაკების მეთოდებს მიმართოს.

"ძალის გამოყენების მცდელობები მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან, რასაც სჭირდება დიალოგი პოლიტიკოსებსა და შესაბამის აქტორებს შორის. ეს უნდა იყოს გამოსავალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ძალის ყოველ გამოყენებას თან დიდი რისკები ახლავს, პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხის შექმნა. ორივე მხარის ინტერესები უნდა დაბალანსდეს და ამ გადაწყვეტილებას რაც უფრო მშვიდ გარემოში მივიღებთ მით უკეთესი იქნება ყველასთვის," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ამასთან სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, ბუნებრივია ადმინისტრაციული შენობის პიკეტირება არ შეიძლება და არ არის კანონიერი ქმედება. აუცილებელია დიალოგი და ძალის გამოყენება პირდაპირ არ შეიძლება - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტთან ვითარება იძაბება - პოლიციელები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.

საპასუხოდ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ.

დღის ამბები