25 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
კოხრეიძე ხელისუფლებასთან ერთად ეცდება, სარედაქციო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს - არმაზ ახვლედიანი

"აჭარის ტელევიზიის" დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნას კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მათი შეფასებით, თანამდებობაზე გიორგი კოხრეიძის არჩევა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა და ის დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს. 

"დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, გიორგი კოხრეიძე ხელისუფლებასთან ერთად ეცდება, სარედაქციო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს. 

"ის ხელისუფლებასთან ერთად ეცდება, სულ მცირე ხანში შეიტანოს არსებითი კორექტივები სარედაქციო პოლიტიკაში. აქ ხომ საუბარი არ არის იმაზე, აჭარის ტელევიზია ქედის რაიონის რომელიმე სოფელზე რა გადაცემას მოამზადებს. აქ საუბარია პოლიტიკის ასახვაზე აჭარის ტელევიზიაში და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ასე გაეჩხირა ყელში ივანიშვილს აჭარის ტელევიზიის სახით. სწორედ ამას ვერ ინელებს ივანიშვილი და სწორედ ამიტომაა ასეთი ეგზეკუცია ახლა აჭარის ტელევიზიაში," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

ბორდის ეს გადაწყვეტილება არ უკვირს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრს ანა მდინარაძეს.

"ძირითადი გამოწვევა იყო, არ მომხდარიყო ისეთი ადამიანის არჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, რომლის მიმართაც შეკითხვები იქნებოდა. მე რომ გითხრათ, რომ გამიკვირდა, ეს იყო მოულოდნელობა, ან არ ველოდი მსგავსი სცენარის განვითარებას - ნამდვილად არა,“ - აღნიშნა ანა მდინარაძემ. 

კანდიდატებთან გასაუბრება დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნას საგანგაშოდ აფასებენ. 

 

 

დღის ამბები