23 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო სისტემაში რეფორმები მომავალი არჩევნებისთვის განახორციელოს - ფედერიკა მოგერინი

საქართველო არის ჩვენი საიმედო პარტნიორი სამეზობლოში, ამიტომ ვერ დავხუჭავთ თვალს, როდესაც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკებს ვხედავთ - ეს განცხადება ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხოლოდ დეკლარირებული განცხადება არ არის. ეს არის ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი. საქართველო სამეზობლოში ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორია. დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში რისკებს კანონის უზენაესობის კუთხით და მნიშვნელოვანი რეფორმების უკან დახევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საარჩევნო სისტემაში რეფორმები მომავალი არჩევნებისთვის განახორციელოს,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ამ წუთებში სტრასბურგში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოზე ისაუბრეს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ.

ევროპის პარლამენტის წევრები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და გამოსავალს მხოლოდ დიალოგში ხედავენ.

"ნება მომეცით, დავიწყო ბოლო მოვლენებით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში და რაც ჩემს გუნდს ძალიან აწუხებს. მასშტაბური პროტესტი იმართება თბილისში მას შემდეგ, რაც მთავრობამ თავისი პირობა არ შეუსრულა 2020 წლის საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს პირობა მიცემული იყო მოსახლეობისთვის, ჩვენ მის შესრულებას ველოდით. საქართველოს წლების განმავლობაში დემოკრატიის გზაზე წინსვლა აქვს, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანაში ახლა სტაბილურობა რისკის ქვეშ დააყენა. ჩვენ ველოდებით ყველა პოლიტიკური პარტიისგან დიალოგის ინიცირებას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემა," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი კატი პირი.

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსიმ.

დღის ამბები